ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მაღალი ენერგიების ფიზიკისა და ინფორმატიზაციის ინსტიტუტში (მეფიი)
2005 წლის 15-16 ნოემბერს ჩატარდა აკადემიკოს

 


ნოდარ ამაღლობელის

ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით.

აკადემიკოსი ნოდარ ამაღლობელი იყო ინსტიტუტის პირველი დირექტორი დღიდან მისი დაარსებისა (1979 წელი) 1995 წლამდე. მან უდიდესი და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ინსტიტუტის დაარსების, მისი ფორმირების, სამეცნიერო გამოკვლევათა მიმართულებების განსაზღვრის, ახალგაზრდა ფიზიკოსთა აღზრდისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ქართული სამეცნიერო სკოლის შექმნის საქმეში.

15 ნოემბრის 14 : 00 საათზე მაღალი ენერგიების ფიზიკისა და ინფორმატიზაციის ინსტიტუტის ფოიეში შედგა აკადემიკოს ნოდარ ამაღლობელის ბიუსტის გახსნა, რომელიც გახსნა მისმა ავტორმა, მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილმა აკადემიკოს ნოდარ ამაღლობელის ოჯახის წევრების, მისი თანაკურსელების, მეგობრების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ფიზიკის ფაკულტეტიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან, მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტიდან და საქართველოს პარლამენტიდან მოწვეული სტუმრების თანდასწრებით.

ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში ინსტიტუტის დირექტორმა პროფ. მიხეილ ნიორაძემ დამსწრეთ წარუდგინა მეფიის დაარსების, მისი ფორმირების და განვითარების ვიზუალური მასალები, საიდანაც ნათლად გამოჩნდა აკადემიკოს ნოდარ ამაღლობელის უდიდესი წვლილი და თავგანწირვა ამ ძალზე მნიშვნელოვან საქმეში და ის ტვირთი, რომელიც მან ღირსეულად და ერთგულად ატარა მრავალი ათეული წლის განმავლობაში მაღალი ენერგიების ფიზიკის ქართული სამეცნიერო სკოლის შექმნისათვის. ამ სკოლის ყველა თაობის ფიზიკოსებმა დიდი ძალისხმევისა და შრომის წყალობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ელემენტარული ნაწილაკების და ატომბირთვის ფიზიკის ექსპერიმენტულ და თეორიულ გამოკვლევებში და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს მსოფლიო სამეცნიერო თანამეგობრობაში.

შემდეგ მოეწყო დამსწრეთა გამოსვლები მოგონებებით. აკადემიკოს ნოდარ ამაღლობელთან დაკავშირებული მოგონებებით გამოვიდნენ მისი თანაკურსელები პროფესორი ოთარ სამადაშვილი, აკადემიკოსი თენგიზ სანაძე, პროფესორი გივი ქანთარია, აგრეთვე აკადემიკოსი როინ მეტრეველი, პროფესორი ზურაბ ფორაქიშვილი, პროფესორი ნოდარ კეკელიძე, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, თამაზ ებანოიძე, თსუ მეფიის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები, ფიზ. მათ. მეცნიერებათა კანდიდატები ლიდა ჩხაიძე და თეიმურაზ ნადარეიშვილი.

 

16 ნოემბრის 14 : 00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ფიზიკის
დიდი აუდიტორიაში ჩატარდა სამეცნიერო სესია მიძღვნილი აკადემიკოს


ნოდარ ამაღლობელის

ხსოვნისადმი დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით.

1. მაღალი ენერგიების ფიზიკისა და ინფორმატიზაციის ინსტიტუტი (წარსული, აწმყო, და პერსპექტივები) – მომხს. მ. ნიორაძე

2. მრავალკვარკიანი ბარიონული მდგომარეობები -- მომხს. გ. ნიკობაძე

3. მრავალნაწილაკიანი კორელაციები ბირთვ-ბირთვულ ურთიერთქმედებებში – მომხს. ლ. ჩხაიძე

4. 40 წელი ბატონ ნოდარ ამაღლობელთან – მომხს. ი. თევზაძე

5. ექსპერიმენტი ATLAS და ტოპ კვარკების დაშლები – მომხს. ჯ. ხუბუა, თ. ჯობავა

6. ველის ქვანტური თეორიის ლაბორატორიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მომხს. ა. ხელაშვილი

7. ატომურ და ბირთვულ ფიზიკაში კვლევები ფიზიკის ფაკულტეტზე – მომხს. ლ. ქურდაძე

8. კომპიუტერული ქსელები და ინტერნეტი – მომხს. რ. ქვათაძე

9. შუალედური ენერგიების ბირთვული ფიზიკა საქართველოში – მომხს. თ. კოპალეიშვილი